შპს „ელექტრიფაი საქართველო" (ს/კ 405663802)
გენერალური წესები და პირობები
დამტკიცებულია
ძალაში შესვლის თარიღი: 24.09.2026
წინამდებარე დოკუმენტი დამტკიცებულია შპს „ელექტრიფაი საქართველო"-ს (ს/კ 405663802) მიერ (შემდგომში — „კომპანია"). შპს „ელექტრიფაი საქართველო" ზრუნავს გარემოზე, ეკოლოგიაზე, მომხმარებელთა უფლებებსა და უსაფრთხო, მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ, იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ელექტრომობილის დამუხტვის მომსახურების გაწევის პირობებს.
1.1. წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს თქვენს მიერ კომპანიის აპლიკაციისა და ვებგვერდის მეშვეობით მომსახურების მიღებას, კომპანიის მიერ მომსახურების გაწევას, ამასთან დაკავშირებულ სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს, აგრეთვე პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს.
1.2. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს და მათ დანართებს.
1.3. კომპანია წარმოადგენს ვებგვერდისა და აპლიკაციების კანონიერ მფლობელს, რომელთა მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება.
1.4. წესები შედგენილია საქართველოს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შესრულებული ვერსია მხოლოდ მომხმარებელთა კომფორტისთვისაა. შეუსაბამობისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ტექსტს.
1.5. კომპანია ვალდებულია არც ერთ მომხმარებელს არ მოეპყროს დისკრიმინაციულად საჯაროდ შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობის, ან მიწოდების დროს.
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
2.1. კომპანია / მოვაჭრე - შპს „ელექტრიფაი საქართველო" (ს/კ 405663802).
2.2. მომხმარებელი - ფიზიკური და/ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს, ან აპირებს ისარგებლოს კომპანიის მომსახურებით უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით.
2.3. ვებგვერდი - https://electrify.ge
2.4. აპლიკაცია - კომპანიის iOS და Android პლატფორმები, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელი იღებს მომსახურებას.
2.5. დამტენი სადგური - ელექტრომობილის დამუხტვის მოწყობილობა, რომელიც აპლიკაციაში ხელმისაწვდომია დამუხტვისთვის. დამტენი სადგური შეიძლება იყოს: ა) კომპანიის სადგური - კომპანიის საკუთრებაში, ან მფლობელობაში არსებული და მის ტექნიკურ კონტროლს დაქვემდებარებული დამტენი სადგური; ან ბ) პარტნიორის სადგური 2.14. პუნქტის მნიშვნელობით.
2.6. მომსახურება - ელექტრომობილისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დამტენი სადგურის მეშვეობით, დამუხტვის პროცესის ტექნიკურ უზრუნველყოფასთან ერთად.
2.7. დამუხტვის სესია - ერთი უწყვეტი დამუხტვის პროცესი, აპლიკაციაში მისი დაწყებიდან დასრულებამდე.
2.8. ანგარიში - მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში რეგისტრირებული პირადი ანგარიში.
2.9. ბალანსი - მომხმარებლის ანგარიშზე განთავსებული და გამოუყენებელი ფულადი სახსრები.
2.10. პრეავტორიზაცია - სესიის დაწყებამდე მომხმარებლის საბანკო ბარათზე თანხის დროებითი დაბლოკვა, რომელიც სესიის დასრულების შემდეგ კორექტირდება ფაქტობრივად მიღებული მომსახურების მიხედვით.
2.11. გადამყვანი (ადაპტერი) - მოწყობილობა, რომელიც ერთი ტიპის კონექტორს აერთებს სხვა ტიპის ავტომობილის ბუდესთან და რომელიც არ წარმოადგენს არც კომპანიის და არც ავტომობილის მწარმოებლის ქარხნულ ნაწილს.
2.12. კანონი - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი.
2.13. სააგენტო - სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.
2.14. პარტნიორის სადგური - მესამე პირის (პროვაიდერის) საკუთრებაში, ან მფლობელობაში არსებული და მის ტექნიკურ კონტროლს დაქვემდებარებული დამტენი სადგური, რომელიც პროვაიდერსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩართულია აპლიკაციაში. პარტნიორის სადგურის აპლიკაციასთან პროგრამული დაკავშირება, მათ შორის სესიის დისტანციური დაწყება და დასრულება, ტარიფის ასახვა და ანგარიშსწორება, არ წარმოადგენს კომპანიის მიერ სადგურის ოპერირებას, ან მის ტექნიკურ კონტროლს.
2.15. პროვაიდერი - პარტნიორის სადგურის მესაკუთრე, ან მფლობელი ფიზიკური, ან იურიდიული პირი, ან პირთა გაერთიანება.
3.1. დასახელება: შპს „ელექტრიფაი საქართველო"
3.2. საიდენტიფიკაციო ნომერი: 405663802
3.3. იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, გიგა ჯაფარიძის ქ. №24, ბ. №204
3.4. ფაქტობრივი (საკორესპონდენციო) მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №24გ, სადარბაზო 8, სართული 6, ბინა №247
3.5. ელექტრონული ფოსტა: info@electrify.ge - ყველა სახის მიმართვისთვის, პრეტენზიის ჩათვლით.
3.6. ტელეფონი / WhatsApp: +995 32 2 055 100. ზარის ღირებულება განისაზღვრება მომხმარებლის ოპერატორის სტანდარტული ტარიფით. კომპანია დამატებით საფასურს არ იღებს.
3.7. მომხმარებელთა მხარდაჭერა - ხელმისაწვდომია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე. ამ პერიოდის მიღმა მიღებული მიმართვა მუშავდება პირველივე მომდევნო სამუშაო დღეს.
3.7.1. გადაუდებელი დახმარების ხაზი - +995 32 2 055 100. აღნიშნულ ნომერზე დარეკვა შესაძლებელია 3.7 პუნქტისაგან განსხვავებულ დროსაც შემდეგ შემთხვევებში: დამტენი სადგურის გაუმართაობა; კაბელის, ან კონექტორის დაზიანება; ავტომობილის კონექტორისგან გათიშვის შეუძლებლობა; დამუხტვის პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი გადაუდებელი სიტუაცია, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება.
3.8. წინამდებარე წესებისა და პირობების პუნქტი 3.3 მიუთითებს კომპანიის სარეგისტრაციო (იურიდიულ) მისამართზე, ხოლო პუნქტი 3.4 კი - ფაქტობრივ მისამართზე, სადაც კომპანია საქმიანობას ახორციელებს და სადაც მომხმარებელს შეუძლია წერილობითი მიმართვის გაგზავნა.
3.9. ამ თავში მითითებული მონაცემები წარმოადგენს კომპანიის ერთადერთ ოფიციალურ რეკვიზიტებს და ერთგვაროვნად აისახება ყველა დოკუმენტში, ვებგვერდსა და აპლიკაციაში. კომპანიის თანამშრომელთა პირადი ელექტრონული მისამართები საჯარო სახელშეკრულებო დოკუმენტში არ მიეთითება.
4.1. მომსახურების არსი
4.1.1. კომპანია მომხმარებელს უწევს ელექტრომობილის დამუხტვის მომსახურებას - აწვდის ელექტროენერგიას კომპანიის სადგურების მეშვეობით და უზრუნველყოფს დამუხტვის პროცესის ტექნიკურ მხარეს. პარტნიორის სადგურზე ელექტროენერგიას აწვდის და დამუხტვის პროცესის ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს პროვაიდერი, ხოლო კომპანია უზრუნველყოფს აპლიკაციის მეშვეობით სადგურზე წვდომას, სესიის ინიციირებას, საფასურის მიღებასა და ანგარიშსწორებას 4.3.3.–4.3.5. პუნქტებით დადგენილი წესით.
4.1.2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომსახურება. კომპანია მომხმარებელს არ მიჰყიდის და საკუთრებაში არ გადასცემს არც ერთ ნივთს. თუკი მომხმარებელი შეიძენს კომპანიისაგან რაიმე ნივთს, მისი (ნასყიდობის ხელშეკრულების) პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის ცალკე, ინდივიდუალური წესით გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულებით, და არ რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით.
4.2. დამტენი სადგურების ტექნიკური მახასიათებლები
4.2.1. კომპანიის სადგურების ქსელი მოიცავს შემდეგი ტიპის დამტენ სადგურებს: AC (ცვლადი დენის) დამტენი - სიმძლავრე: 7.1 kW და 22 kW; კონექტორის სტანდარტი როზეტის ტიპის Type 2 (IEC 62196-2) ; 11 kw - კაბელით J1772 და NACS კონექტორით. DC (მუდმივი დენის) სწრაფი დამტენი - სიმძლავრე 80 kW, 160 kW, 180 kW, 240 kW და 320 kW; კონექტორის სტანდარტი CCS2 (Combo 2). თითოეული სადგურის ზუსტი ტექნიკური პარამეტრები მითითებულია სადგურზე განთავსებულ მარკირებაზე და ხელმისაწვდომია მომხმარებლის მოთხოვნით.
4.2.2. თითოეული სადგურის ზუსტი ტიპი, სიმძლავრე, კონექტორის სტანდარტი, ტარიფი და მიმდინარე სტატუსი ასახულია აპლიკაციაში და მომხმარებლისათვის თვალსაჩინოა დამუხტვის დაწყებამდე. პარტნიორის სადგურის ეს მონაცემები აპლიკაციაში აისახება პროვაიდერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად;
4.2.3. კომპანიის სადგურები შეესაბამება საერთაშორისო ტექნიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, მათ შორის IEC/EN 61851-1 , IEC/EN 61851-23 , EN 61851-24, EN IEC 61851- 21-2:2021, DIN 70121. პარტნიორის სადგურის ტექნიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს პროვაიდერი. შესაბამისობის სერტიფიკატები ხელმისაწვდომია მომხმარებლის მოთხოვნით.
4.2.4. ფაქტობრივი დამუხტვის სიმძლავრე დამოკიდებულია ავტომობილის ბატარეის მართვის სისტემის (BMS) მოთხოვნაზე, ბატარეის მიმდინარე დონეზე (SOC), ბატარეის ტემპერატურასა და სხვა ფაქტორებზე, რომლებსაც განსაზღვრავს ავტომობილი. მუდმივი დენის დამუხტვისას გამომავალი ძაბვისა და დენის პარამეტრებს ადგენს ავტომობილი, ხოლო დამტენი სადგური ასრულებს ავტომობილის მოთხოვნას. შესაბამისად, კომპანია ვერ იძლევა გარანტიას კონკრეტული დამუხტვის სიჩქარის, ან ხანგრძლივობის თაობაზე.
4.3. თავსებადობა და სადგურის გამოყენება
4.3.1. მომსახურება განკუთვნილია იმ ელექტრომობილებისთვის, რომელთა დამუხტვის ბუდე შეესაბამება პუნქტ 4.2.1-ში მითითებულ კონექტორის სტანდარტს (კონკრეტული სტანდარტი მითითებულია აპლიკაციაში ყოველი კონკრეტული/არჩეული სადგურის შესაბამის საინფორმაციო ველში).
4.3.2. თუ მომხმარებლის ავტომობილის ბუდე განსხვავებული სტანდარტისაა (მაგალითად, CCS1), დამუხტვა შესაძლებელია მხოლოდ გადამყვანის გამოყენებით;
4.3.3. აპლიკაციაში შესაძლებელია ჩართული იყოს პარტნიორის სადგური. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს აპლიკაციაში, სესიის დაწყებამდე, მკაფიოდ ეცნობება, რომ სადგური პარტნიორის სადგურია და გამოუჩნდება 11.1.8. პუნქტით განსაზღვრული პროვაიდერის რეკვიზიტები, მათ შორის გადაუდებელი დახმარების ნომერი. პარტნიორის სადგურის ტექნიკურ გამართულობაზე, უსაფრთხოებაზე, სტანდარტებთან შესაბამისობასა და ელექტროენერგიის მიწოდებაზე პასუხისმგებელია პროვაიდერი. სადგურის, ან ინფრასტრუქტურის გაუმართაობის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია პრეტენზია წარუდგინოს პროვაიდერს, ან კომპანიას, რომელიც მას პროვაიდერს გადაუგზავნის 12.6. პუნქტით დადგენილი წესით;
4.3.4. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციაში მომხმარებელს მიეწოდება პროვაიდერის შესახებ სრული ინფორმაცია, თუკი მომხმარებელი კომპანიისაგან მაინც მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას 4.3.3. პუნქტით განსაზღვრული პროვაიდერის შესახებ, კომპანია მომხმარებელს მიაწვდის სრულ წერილობით ინფორმაციას არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა;
4.3.5. წინამდებარე დოკუმენტის 4.3.3. პუნქტი არ ზღუდავს მომხმარებლის უფლებას, კომპანიისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ ზიანი გამოწვეულია კომპანიის ბრალეული ქმედებით, აპლიკაციის ხარვეზით, აპლიკაციაში არასწორად, ან არასრულად ასახული ინფორმაციით, ან კომპანიის სადგურის გაუმართაობით.
4.3.6. დამუხტვისას წარმოშობილი ზიანის თაობაზე პრეტენზიის განხილვისას მხარეები თანამშრომლობენ ზიანის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თუკი ზიანის დასადგენად საჭიროა მომხმარებლის ავტომობილის და/ან მოწყობილობის გამოკვლევა, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დამოუკიდებელ ექსპერტიზას უფლებამოსილ ორგანოში. თუ ექსპერტიზით დადგინდება კომპანიის ბრალეულობა, კომპანია სრულად აანაზღაურებს როგორც ზიანს, ისე ექსპერტიზის ხარჯს.
4.3.7. თუ მომხმარებელი უარს იტყვის მის ხელთ არსებული ავტომობილის/ინფრასტრუქტურის ექსპერტიზისთვის წარდგენაზე, ან სხვაგვარად შეუძლებელს გახდის მის გამოკვლევას, აღნიშნული გარემოება მხედველობაში მიიღება ზიანის გამომწვევი მიზეზის დადგენისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების წესების შესაბამისად.
4.4. მომსახურების ხელმისაწვდომობა
4.4.1. დამტენი სადგურები, როგორც წესი, ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, გარდა ტექნიკური მომსახურების, რემონტის, ან კომპანიის კონტროლს მიღმა არსებული სხვა გარემოებისა.
4.4.2. სადგურის ხელმისაწვდომობა აისახება აპლიკაციაში რეალურ დროში. კომპანია არ იძლევა გარანტიას კონკრეტული სადგურის კონკრეტულ დროს ხელმისაწვდომობის თაობაზე. 5. ციფრული პლატფორმა - აპლიკაცია და ვებგვერდი
5.1. მომსახურება მიეწოდება ექსკლუზიურად ციფრული პლატფორმის მეშვეობით: iOS: https://apps.apple.com/app/id6480051671 Android: https://play.google.com/store/apps/details?id=ge.electrifygeorgia.app2
5.2. მინიმალური სისტემური მოთხოვნები. აპლიკაციის დაყენებისა და გამართული მუშაობისთვის საჭირო ოპერაციული სისტემის მინიმალური ვერსია მითითებულია App Store-ისა და Google Play-ს გვერდებზე, აპლიკაციის აღწერაში და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია აპლიკაციის გადმოწერამდე. მოთხოვნები შესაძლოა შეიცვალოს აპლიკაციის განახლებისას; ასეთი ცვლილება ხორციელდება პუნქტ 17.2-ით დადგენილი წესით.
5.2.1. აპლიკაციის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია მოწყობილობის უწყვეტი კავშირი ინტერნეტთან.
5.3. აპლიკაციის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებართვები: გეოლოკაცია - უახლოესი დამტენი სადგურის მოსაძებნად და დამუხტვის სესიის ინიციირებისთვის; შეტყობინებები - დამუხტვის სესიის სტატუსისა და ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. აპლიკაციის მიერ მოთხოვნილი ნებართვების სრული ჩამონათვალი მითითებულია App Store-ისა და Google Play-ს გვერდებზე. ცალკეულ ნებართვაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს აპლიკაციის შესაბამისი ფუნქცია, თუმცა ეს არ იწვევს მომსახურებაზე წვდომის სრულ შეზღუდვას. იმისათვის, რომ აპლიკაციამ სრულყოფილად იფუნქციონიროს, აუცილებელია მომხმარებელმა იქონიოს მისი (აპლიკაციის) უახლესი ვერსია;
5.4. საბანკო ბარათის მონაცემების დაცვა. მომხმარებლის ბარათის სრულ რეკვიზიტებს კომპანია არ ინახავს. გადახდები მუშავდება ლიცენზირებული საგადახდო პროვაიდერის - სს „საქართველოს ბანკის" - მეშვეობით, საერთაშორისო PCI DSS სტანდარტის შესაბამისად; კომპანიის სისტემაში ინახება მხოლოდ ტოკენიზებული იდენტიფიკატორი და ბარათის ბოლო ოთხი ციფრი. მონაცემთა გადაცემა ხორციელდება TLS დაშიფვრით.
5.4.1. კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს საგადახდო პროვაიდერი. ნებისმიერ შემთხვევაში პროვაიდერი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული, ან რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და უზრუნველყოფდეს მონაცემთა დაცვის არანაკლებ იმ სტანდარტს, რაც მოცემული პუნქტითაა განსაზღვრული. პროვაიდერის ცვლილების შემთხვევაში კომპანია შესაბამისად განაახლებს წინამდებარე პუნქტსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
5.5. კომპანია პასუხისმგებელია აპლიკაციაში ასახული ტარიფის, დამუხტვის სესიის მონაცემებისა და ანგარიშსწორების ინფორმაციის სისწორეზე, ხოლო პარტნიორის სადგურზე - ასევე პროვაიდერის რეკვიზიტების სისრულესა და სისწორეზე და პროვაიდერის მიერ მოწოდებული ტარიფისა და სადგურის მახასიათებლების ზუსტად ასახვაზე. სადგურის ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია აისახება რეალურ დროში და შესაძლოა შეიცვალოს მომხმარებლის ადგილზე მისვლამდე.
5.6. აპლიკაციის გამოყენებისას მობილური ინტერნეტის ღირებულება განისაზღვრება მომხმარებლის ოპერატორის ტარიფით. კომპანია დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებისთვის დამატებით საფასურს არ იღებს.
5.6.1. საქართველოს ფარგლებს გარეთ აპლიკაციის გამოყენებისას მომხმარებელს შესაძლოა დაერიცხოს როუმინგის საფასური მისი ოპერატორის ტარიფით. აღნიშნული ხარჯი არ ეკისრება კომპანიას და არ წარმოადგენს კომპანიის მიერ გადასახდელ ვალდებულებას.
5.7. ინტელექტუალური საკუთრება და სარგებლობის ლიცენზია
5.7.1. აპლიკაცია, ვებგვერდი, მათი პროგრამული კოდი, დიზაინი, გრაფიკული ელემენტები, სასაქონლო ნიშნები, მონაცემთა ბაზები და/ან მათთან დაკავშირებული ყველა სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლება წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას, ან კომპანიისთვის კანონიერად გადაცემულ უფლებას;
5.7.2. მომხმარებელს ენიჭება აპლიკაციით სარგებლობის არაექსკლუზიური, არაგადაცემადი და გაუსხვისებელი უფლება, მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნით - კომპანიის მომსახურების მისაღებად. აღნიშნული უფლება მოქმედებს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში;
5.7.3. მომხმარებელს არ აქვს უფლება: დააკოპიროს, გაამრავლოს, შეცვალოს, ან დაამუშაოს აპლიკაციის პროგრამული კოდი; შექმნას მისი წარმოებული ვერსია; განახორციელოს დეკომპილაცია, ან უკუინჟინერია; გამოიყენოს კომპანიის სასაქონლო ნიშანი, ლოგო, საფირმო სახელწოდება, ან სხვა ინტელექტუალური უფლება კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
5.7.4. ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება იმ ქმედებაზე, რომელიც პირდაპირ დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით და/ან აუცილებელია/საჭიროა კომპანიასთან არსებული სახელშეკრულებო მოვალეობათა შესრულებისათვის და/ან სხვა იურიდიული ქმედებებისათვის.
5.8. აპლიკაციის განახლება და თავსებადობა
5.8.1. კომპანია პერიოდულად ახორციელებს აპლიკაციის განახლებას, მათ შორის უსაფრთხოების, ფუნქციონალისა და შეცდომების გასწორების მიზნით. მომსახურების შეუფერხებლად მისაღებად მომხმარებლისათვის რეკომენდებულია განახლებების დროული დაყენება.
5.8.2. კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ აპლიკაცია იმუშავებს ოპერაციული სისტემის ყველა, მათ შორის მოძველებულ ვერსიაზე. მინიმალური მოთხოვნები მითითებულია პუნქტ 5.2- ში.
5.8.3. მინიმალური სისტემური მოთხოვნების ცვლილება წარმოადგენს არსებით ცვლილებას და მის შესახებ მომხმარებელი ინფორმირებული იქნება პუნქტ 17.2-ით დადგენილი წესით.
5.9. მომხმარებლისათვის რეკომენდებულია არ გამოიყენოს აპლიკაცია ისეთ მოწყობილობაზე, რომლის ოპერაციული სისტემის ქარხნული შეზღუდვები მოხსნილია (jailbreak ან root), ვინაიდან ეს ამცირებს მოწყობილობის უსაფრთხოებას. ეს რეკომენდაცია არ ზღუდავს მომხმარებლის კანონისმიერ უფლებებს. 6. მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები
6.1. წინამდებარე წესებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
6.1.1. მას აქვს სრული უფლებამოსილება, დაეთანხმოს წინამდებარე წესებს და შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
6.1.2. იგი არის ქმედუნარიანი პირი და მოქმედებს თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე;
6.1.3. იგი ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს;
6.1.4. მის მიერ მიწოდებული ყველა მონაცემი არის ზუსტი. მონაცემთა ცვლილებისას მათი განახლების ვალდებულება ეკისრება მომხმარებელს;
6.1.5. იგი გაეცნო წინამდებარე დოკუმენტის პუნქტ 4.3-ით გათვალისწინებულ ინფორმაციას თავსებადობისა და სადგურის გამოყენების შესახებ.
6.2. მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების დარღვევა კომპანიას აძლევს უფლებას შეწყვიტოს მომსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა არსებითია და მომხმარებელმა იგი კომპანიის წერილობითი შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში არ გამოასწორა. კომპანია ვალდებულია შეწყვეტის შესახებ წინასწარ აცნობოს მომხმარებელს და დაუბრუნოს ბალანსზე დარჩენილი თანხა წინამდებარე დოკუმენტის 9.6 პუნქტის შესაბამისად. 7. რეგისტრაცია და ანგარიში
7.1. მომსახურების მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დარეგისტრირდეს აპლიკაციაში. რეგისტრაციისა და წინამდებარე წესებზე თანხმობის გარეშე დამუხტვის სესიის დაწყება შეუძლებელია.
7.2. რეგისტრაციისას მომხმარებელი მიუთითებს: სახელს, გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, მობილურის ნომერს, დაბადების თარიღსა და ქვეყანას. ანგარიშსწორების გასამარტივებლად მომხმარებელი აპლიკაციაში უთითებს საბანკო ბარათის რეკვიზიტებს.
7.3. რეგისტრაციის დასასრულებლად აუცილებელია მომხმარებლის თანხმობა წინამდებარე წესებსა და პირობებზე.
7.4. მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს ანგარიშზე წვდომის კოდები და არ გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
7.5. მომხმარებელი პასუხისმგებელია მისი ანგარიშით განხორციელებულ ქმედებებზე. კომპანია არ აგებს პასუხს მესამე პირის მიერ ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომით გამოწვეულ ზიანზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი წვდომა გამოწვეულია კომპანიის ბრალეული ქმედებით, კომპანიის სისტემის უსაფრთხოების ხარვეზით, ან მონაცემთა დაცვის ვალდებულების დარღვევით, ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში.
7.6. ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომის ეჭვისას მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას პუნქტ 3.5-ში მითითებულ ელ. ფოსტაზე, ან პუნქტ 3.6-ში მითითებულ ნომერზე. კომპანიის მიერ შეტყობინების მიღების შემდეგ განხორციელებულ ოპერაციებზე პასუხისმგებლობა მომხმარებელს არ ეკისრება.
7.7. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და განახლება.
7.8. კომპანია უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი თაღლითობის, ანგარიშის არაავტორიზებული გამოყენების, ან სხვისი საბანკო ბარათის გამოყენების შესახებ. შეჩერების შესახებ მომხმარებელი ინფორმირებული იქნება დაუყოვნებლივ, მიზეზის მითითებით და მიეცემა შესაძლებლობა წარმოადგინოს განმარტება. ეჭვის გაქარწყლებისთანავე ანგარიში აღდგება. 8. დამტენი სადგურით სარგებლობის წესები
8.1. მომხმარებელი ვალდებულია დამტენი სადგურით ისარგებლოს გულისხმიერად, დანიშნულებისამებრ და სადგურზე, ან აპლიკაციაში განთავსებული ინსტრუქციის დაცვით.
8.2. მომხმარებელს ეკრძალება: ა) დამტენი სადგურის, კაბელის, ან კონექტორის გახსნა, მოდიფიცირება, ან შეკეთება/შეკეთების მცდელობა; ბ) ხილულად დაზიანებული კაბელის, ან კონექტორის გამოყენება; გ) სადგურის დანიშნულების საწინააღმდეგო გამოყენება, ან მიღებული ენერგიის მესამე პირზე გადაყიდვა; დ) სადგურთან მისასვლელი გზის, ან დამუხტვისთვის განკუთვნილი ადგილის უსაფუძვლო/უკანონო/კანონდარღვევით დაკავება.
8.3. კაბელის ან კონექტორის ხილული დაზიანების, დენის კვალის, ტენიანობის ან სხვა ეჭვის გამომწვევი ნიშნის აღმოჩენისას მომხმარებელმა დამუხტვა არ უნდა დაიწყოს და დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომპანიას პუნქტ 3.7.1-ში მითითებულ გადაუდებელი დახმარების არხზე.
8.4. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას აცნობოს სადგურის ნებისმიერი დაზიანების, ან გაუმართაობის შესახებ, რომელსაც შეამჩნევს, იმდენად, რამდენადაც ეს გონივრულად შესაძლებელია.
8.5. თუ მომხმარებელმა დამტენ სადგურს ზიანი მიაყენა, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას და არ დატოვოს ადგილი შეტყობინების გარეშე. კომპანიას უფლება აქვს მოითხოვოს ფაქტობრივად მიყენებული და დოკუმენტურად დადასტურებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კომპანია არ აწესებს ფიქსირებულ, ან წინასწარ განსაზღვრულ საჯარიმო თანხას.
8.6. დამუხტვის დასრულების შემდეგ მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს დამუხტვის ადგილი, რათა სხვა მომხმარებელმა შეძლოს სადგურით სარგებლობა. ადგილის დაკავებისთვის საფასურის დარიცხვის წესი განსაზღვრულია წინამდებარე დოკუმენტის პუნქტ 10.1.1-ის „დ" ქვეპუნქტითა და 10.1.3-ით.
8.7. დამტენი სადგური შესაძლოა განთავსებული იყოს მესამე პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ტერიტორიის მფლობელის/მესაკუთრის მიერ დადგენილი გაჩერების/პარკირების წესები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ტერიტორიის მფლობელის/მესაკუთრის, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ დაკისრებულ ჯარიმასა და/ან დგომის საფასურზე. 9. ხელშეკრულების დადება, მოქმედების ვადა და შეწყვეტა
9.1. ხელშეკრულება იდება დისტანციურად, აპლიკაციაში რეგისტრაციისა და წინამდებარე წესებზე თანხმობის მომენტში.
9.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადა: ხელშეკრულება იდება განუსაზღვრელი ვადით და მოქმედებს ანგარიშის დახურვამდე. მომხმარებელს არ ეკისრება არავითარი საწევრო, სააბონენტო, ან მინიმალური მოხმარების ვალდებულება.
9.3. თითოეული დამუხტვის სესია წარმოადგენს ცალკეულ შესრულებას ამ ხელშეკრულების ფარგლებში. სესიის დაწყებამდე აპლიკაცია მომხმარებელს მკაფიოდ აცნობებს, რომ სესიის ინიციირება წარმოშობს გადახდის ვალდებულებას;
9.4. სესიის დასრულებიდან გონივრულ ვადაში კომპანია მომხმარებელს ელექტრონული საშუალებით (აპლიკაციაში და/ან ელფოსტით) უგზავნის დასტურს, რომელიც შეიცავს: სესიის თარიღსა და დროს, სადგურის ლოკაციას, გადაცემულ ენერგიას კვტ/სთ-ში, გამოყენებულ ტარიფს, დროის ან ადგილის დაკავების საფასურს (ასეთის არსებობისას) და საბოლოო თანხას.
9.5. ხელშეკრულების შეწყვეტა მომხმარებლის ინიციატივით
9.5.1. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, მიზეზის მითითების გარეშე, შეწყვიტოს ხელშეკრულება და დახუროს ანგარიში - აპლიკაციის შესაბამისი ფუნქციით, ან წერილობითი შეტყობინებით პუნქტ 3.5-ში მითითებულ ელ. ფოსტაზე.
9.5.2. ხელშეკრულების შეწყვეტა არ საჭიროებს დამატებით პროცედურას და არ იწვევს მომხმარებლისთვის რაიმე საფასურის დაკისრებას. საკმარისია 9.5.1. პუნქტის შესაბამისად აპლიკაციაში შესაბამისი ქმედების განხორციელება, ან 3.5. პუნქტში მითითებულ ელ. ფოსტაზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნაზე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. მომხმარებელი ასეთ შეტყობინებაში (3.5. პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში) ავსებს დანართი 1-ით განსაზღვრულ ფორმას, ან - გზავნის თავისუფალი ფორმით შეტყობინებას, სადაც მიუთითებს: ა)საკუთარ სახელს, გვარს და პირად ნომერს; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას; გ) ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღს; დ) ბალანსზე არსებული თანხის დაბრუნების/დარიცხვის საბანკო რეკვიზიტებს;
9.5.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს უარი თქვას მომსახურებაზე, მათ შორის უკვე დაწყებული სესიის შეწყვეტით. ასეთ შემთხვევაში იგი გადაიხდის მხოლოდ ფაქტობრივად მიღებული მომსახურების საფასურს.
9.5.4. ანგარიშის დახურვა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მიღებული, მაგრამ გადაუხდელი მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. კომპანია ბალანსზე დარჩენილ თანხას აბრუნებს დავალიანების გაქვითვის შემდეგ და მომხმარებელს წარუდგენს გაქვითვის დეტალურ ანგარიშს.
9.6. ბალანსზე დარჩენილი თანხის დაბრუნება
9.6.1. ხელშეკრულების შეწყვეტისას ან მომხმარებლის მოთხოვნისას კომპანია აბრუნებს ბალანსზე დარჩენილ გამოუყენებელ თანხას სრულად, მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა, იმავე საშუალებით, რომლითაც თანხა იქნა გადახდილი, თუ მომხმარებელი სხვა საშუალებაზე არ განაცხადებს თანხმობას.
9.6.2. თუ საგადახდო პროვაიდერი დაბრუნების ოპერაციაზე იღებს საკომისიოს, კომპანია მომხმარებელს წინასწარ აცნობებს მის (საკომისიოს) ზუსტ ოდენობას და შესთავაზებს ალტერნატიულ, საკომისიოს გარეშე საშუალებას (მათ შორის ბალანსის შენარჩუნებას/თანხის ბალანსზე შენახვას). კომპანია ვერ დააკავებს იმაზე მეტს, ვიდრე თავად იხდის.
9.6.3. თუ დაბრუნების საფუძველია კომპანიის მიერ ვალდებულების დარღვევა, ან მომხმარებლის მიერ კანონისმიერი უარის უფლების განხორციელება, თანხა ბრუნდება სრულად, ყოველგვარი დაქვითვის გარეშე.
9.7. შეწყვეტა კომპანიის ინიციატივით
9.7.1. კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება მხოლოდ პუნქტ 6.2-ით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან კანონით დადგენილი სხვა საფუძვლით, არანაკლებ 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არაა დადგენილი.
9.7.2. მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის, ან მესამე პირთა ქონების დაცვისთვის გადაუდებელი აუცილებლობისას, კომპანიას შეუძლია დროებით შეაჩეროს მომსახურება დაუყოვნებლივ, დასაბუთებით და მომხმარებლის დაუყოვნებელი ინფორმირებით. 10. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორება
10.1. ფასის განსაზღვრის წესი
10.1.1. მომსახურების საფასური შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ა) შეერთების საფასური - ერთჯერადი საფასური დამუხტვის სესიის დაწყებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) გადაცემული ელექტროენერგიის საფასური - ავტომობილისთვის ფაქტობრივად გადაცემული ენერგიის მოცულობის მიხედვით, კილოვატ-საათზე (კვტ/სთ) დადგენილი ტარიფით; გ) დამუხტვის ხანგრძლივობის საფასური - სესიის დაწყებიდან საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ ერიცხება წუთობრივი საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) უქმად დგომის (ადგილის დაკავების) საფასური - დამუხტვის დასრულებიდან საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ავტომობილის დამუხტვის ადგილზე დარჩენისას ერიცხება წუთობრივი საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
10.1.2. თითოეული კომპონენტის ოდენობა, აგრეთვე ხანგრძლივობის საფასურისა და უქმად დგომის საფასურის საშეღავათო პერიოდები, განსხვავებულია დამტენი სადგურის მიხედვით.
10.1.3. კონკრეტული სესიისთვის მოქმედი საფასურის კომპონენტები, მათი ოდენობა და საშეღავათო პერიოდები მომხმარებელს ეცნობება წინასწარ, წერილობითი ფორმით, მკაფიოდ, აპლიკაციაში, დამუხტვის დაწყების დადასტურებამდე. მომხმარებელი დამუხტვას იწყებს ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ.
10.1.4. საფასური, რომლის ოდენობისა და გამოთვლის წესის შესახებაც მომხმარებელი სესიის დაწყებამდე არ იქნა ინფორმირებული, არ დაერიცხება.
10.1.5. საფასური მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადსა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა გადასახადებს. კომპანია არ აკისრებს მომხმარებელს არავითარ დამატებით, ფარულ, ან სააბონენტო საფასურს.
10.1.6. სესიის დაწყების დადასტურებამდე აპლიკაციაში ასახული საფასურის ყველა კომპონენტი უცვლელი რჩება მთელი სესიის განმავლობაში.
10.1.7. კომპანია ინახავს ინფორმაციას განხორციელებული დამუხტვის სესიების შესახებ და მომხმარებელს მოთხოვნისას მიაწოდებს მისი სესიების მონაცემებს - თარიღს, სადგურის ლოკაციას, გადაცემულ ენერგიას, გამოყენებულ ტარიფსა და ჩამოჭრილ თანხას.
10.1.8. საფასურის ნებისმიერი კომპონენტის ცვლილების შესახებ კომპანია დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აცნობებს პუნქტ 17.2-ით დადგენილი წესით.
10.2. პრეავტორიზაცია, ბალანსი და გადახდა
10.2.1. სესიის დასაწყებად მომხმარებლის საბანკო ბარათზე, ან ბალანსზე უნდა იყოს პრეავტორიაზიისათვის აუცილებელი მინიმალური თანხა, რაც ზუსტად მითითებულია აპლიკაციაში კონკრეტული სადგურის მიხედვით და ხილვადია მომხმარებლისათვის დამუხტვის დაწყებამდე. ეს თანხა სესიის დაწყებისას დროებით იბლოკება (პრეავტორიზაცია) და სესიის დასრულების შემდეგ კორექტირდება ფაქტობრივად მიღებული მომსახურების მიხედვით. გამოუყენებელი ნაწილი თავისუფლდება.
10.2.2. კომპანია უფლებამოსილია მიღებული მომსახურების საფასური უაქცეპტოდ ჩამოჭრას მომხმარებლის მიერ მითითებული საბანკო ბარათიდან.
10.2.3. ტექნიკური მიზეზით არასწორად ჩამოჭრილი თანხის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია გამოასწოროს ხარვეზი: ზედმეტად ჩამოჭრილი თანხა დაუბრუნოს მომხმარებელს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. დანაკლისით ჩამოჭრილი თანხის დამატებით ჩამოჭრამდე კომპანია ვალდებულია წინასწარ აცნობოს მომხმარებელს თანხის ოდენობა და საფუძველი.
10.2.4. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ჩამოჭრილი თანხების შესახებ - მიღებული მომსახურება, თარიღი, გადაცემული ენერგია და გამოყენებული ტარიფი.
10.2.5. საბანკო რეკვიზიტების ნამდვილობასა და მათ კანონიერად გამოყენებაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
10.2.6. მომხმარებელი უფლებამოსილია არ გადაიხადოს მომსახურების საფასური, ან მოითხოვოს მისი ადეკვატური შემცირება, თუ კომპანიამ მომსახურება არ გაუწია, ან გაუწია არსებითი ხარვეზით.
10.3. გადახდის შეფერხება
10.3.1. თუ საფასურის ჩამოჭრა ვერ განხორციელდა (არასაკმარისი ნაშთი, ბარათის ვადის გასვლა, ბანკის უარი), კომპანია მომხმარებელს უგზავნის წერილობით შეხსენებას SMS- ით ან/და ელ. ფოსტით, დავალიანების ოდენობისა და გადახდის ვადის მითითებით.
10.3.2. გადახდის ვადა შეადგენს არანაკლებ 10 (ათი) კალენდარულ დღეს შეხსენების გაგზავნიდან.
10.3.3. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კომპანია უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს მომსახურება დავალიანების დაფარვამდე. შეჩერების შესახებ მომხმარებელი ინფორმირებული იქნება წინასწარ.
10.3.4. კომპანია დავალიანებაზე არ არიცხავს პირგასამტეხლოს, ან საურავს;
10.3.5. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის “სამუშაო დღედ” ითვლება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კვირის დღეები, შაბათ-კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „შრომის კოდექსით" დადგენილი უქმე დღეების გარდა. 11. კომპანიის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
11.1. კომპანია პასუხისმგებელია:
11.1.1. ტარიფის სწორად და ზუსტად გამოთვლაზე;
11.1.2. პერსონალური მონაცემების მართლზომიერად და კანონიერად დამუშავებაზე;
11.1.3. წესებში ცვლილების შეტანისას მათ დროულად და ზუსტად განთავსებასა და ასახვაზე;
11.1.4. კომპანიის სადგურის ტექნიკურად გამართულ, უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ფუნქციონირებაზე;
11.1.5. მომხმარებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურების გაწევაზე;
11.1.6. აპლიკაციისა და ვებგვერდის გამართულ მუშაობაზე პუნქტ 5.5-ით დადგენილ ფარგლებში;
11.1.7. პრეტენზიის მე-14 თავით დადგენილ ვადაში განხილვასა და დასაბუთებულ პასუხზე;
11.1.8. პარტნიორის სადგურზე - აპლიკაციის გამართულ მუშაობაზე, აპლიკაციაში პროვაიდერის ზუსტი და სრული რეკვიზიტების ასახვაზე, პროვაიდერის მიერ დადგენილი ტარიფისა და სადგურის მახასიათებლების სწორად ასახვაზე, საფასურის სწორად გამოთვლასა და ჩამოჭრაზე, ასევე მომხმარებლის პრეტენზიის პროვაიდერისთვის 12.6. პუნქტით დადგენილი წესით გადაგზავნაზე. ამ პუნქტის მიზნებისათვის პროვაიდერის სრულ რეკვიზიტებად ითვლება და კომპანია ვალდებულია სესიის დაწყებამდე აპლიკაციაში მიუთითოს: ა) იურიდიული პირის, ან პირთა გაერთიანების შემთხვევაში - საფირმო სახელწოდება/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელი, გვარი და საკორესპონდენციო მისამართი; გ) ორივე შემთხვევაში - საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გადაუდებელი დახმარების ნომერი. ფიზიკური პირი პროვაიდერის პირად ნომერს კომპანია მომხმარებელს მიაწვდის 4.3.4. პუნქტით დადგენილი წესით, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, თუ ეს აუცილებელია მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წარდგენისთვის;
11.2. კომპანია პასუხისმგებელია მომხმარებლისთვის განზრახ და/ან გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
11.3. კომპანია პასუხისმგებელია ნაკლოვანებაზე, რომელიც გამოწვეულ იქნა კომპანიის უკანონო და/ან ბრალეული ქმედებით.
11.4. კომპანია პასუხისმგებელია წინამდებარე წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე.
11.5. თუ დადგინდება, რომ ზიანი გამოწვეულია კომპანიის ბრალეული ქმედებით, ან კომპანიის სადგურის გაუმართაობით, კომპანია სრულად აანაზღაურებს ამ ზიანს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11.6. კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნისას, გონივრულ ვადაში მიაწოდოს მას ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც მას გააჩნია კონკრეტულ სესიასთან დაკავშირებით, მათ შორის დამტენი სადგურის ტექნიკური ჩანაწერები. გამონაკლისია მხოლოდ მესამე პირთა პერსონალური მონაცემები და კანონმდებლობით დადგენილი დაცული საიდუმლოება; ასეთ შემთხვევაში ინფორმაცია მიეწოდება შესაბამისი ნაწილის დაფარვით, დაფარვის საფუძვლის მითითებით. ხოლო უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამის ორგანოს/პირს წარედგინება შესაბამისი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფორმითა და ვადაში.
11.7. პარტნიორის სადგურზე კომპანიის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება 11.1.8. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებებით. კომპანია არ არის პასუხისმგებელი პარტნიორის სადგურის ტექნიკურ გამართულობაზე, უსაფრთხოებაზე, სტანდარტებთან შესაბამისობასა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხზე - ამ საკითხებზე პასუხისმგებელია პროვაიდერი. ეს პუნქტი არ ზღუდავს: ა) კომპანიის პასუხისმგებლობას საკუთარი ბრალეული ქმედებით, ან 11.1.8. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევით მიყენებულ ზიანზე; ბ) მომხმარებლის უფლებას, კომპანიისგან დაიბრუნოს თანხა, რომელიც ჩამოიჭრა მიუღებელი, ან არსებითი ხარვეზით მიღებული მომსახურებისთვის, 10.2.3. და 10.2.6. პუნქტებით დადგენილი წესით, მიუხედავად იმისა, თუ რამ გამოიწვია ხარვეზი. 12. პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები
12.1. წინამდებარე თავი არეგულირებს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებიც სცილდება კომპანიის კონტროლსა და კომპეტენციას. ამ თავის არც ერთი დებულება არ ათავისუფლებს კომპანიას პასუხისმგებლობისგან იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მისი ბრალეული ქმედებით, უმოქმედობით, უხეში გაუფრთხილებლობით, ან კომპანიის სადგურის გაუმართაობით.
12.2. კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა:
12.2.1. ქურდობაზე, ვანდალიზმზე, ყაჩაღობასა და/ან სხვა კრიმინალურ ქმედებაზე;
12.2.2. მეხის დაცემაზე, მიწისძვრაზე, სეტყვაზე, წყალდიდობასა და/ან სხვა სტიქიურ უბედურებაზე;
12.2.3. ჯარიმებზე, საურავებსა და/ან სახელმწიფოს უფლებამოსილი პირების მიერ პასუხისმგებლობის დაკისრებაზე;
12.2.4. ელექტროენერგიის მიმწოდებელი ქსელის მხრიდან ძაბვის ცვალებადობაზე, მიწოდების შეფერხებაზე ან შეწყვეტაზე, თუ ეს გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის, ან სისტემის ოპერატორის მხრიდან და არ არის კომპანიის ბრალეული ქმედების, ან მისი აღჭურვილობის გაუმართაობის შედეგი;
12.2.5. ავარიაზე, საავარიო სიტუაციაზე, ან მესამე პირის მიერ მიყენებულ ზიანზე;
12.2.6. ისეთ გარემოებაზე, რომელიც სცილდება კომპანიის კონტროლს (ფორსმაჟორი) და რომლის თავიდან აცილება ან დაძლევა კომპანიას გონივრული ზომების მიღებით არ შეეძლო;
12.2.7. ისეთ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მესამე პირის ბრალეული, განზრახი ან უკანონო ქმედებით;
12.2.8. ისეთ ზიანზე, რომელიც მიზეზობრივად გამოწვეულია ავტომობილის, მისი ბორტ- სისტემების, გადამყვანის, ან მომხმარებლის მიერ დამუხტვის პროცესში გამოყენებული სხვა მოწყობილობის გაუმართაობით, ან ნაკლით და რომელიც არ არის კომპანიის ბრალეული ქმედების, ან კომპანიის სადგურის გაუმართაობის შედეგი;
12.2.9. პარტნიორის სადგურის გაუმართაობაზე, ან ამ სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებაზე, 11.7. პუნქტით დადგენილ ფარგლებში.
12.3. მტკიცების ტვირთი. პუნქტ 12.2-ით გათვალისწინებული გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება კომპანიას. მომხმარებელს არ ეკისრება ვალდებულება, დაამტკიცოს ზიანის გამომწვევი ტექნიკური მექანიზმი.
12.4. სადავო შემთხვევის გამოკვლევა. ზიანის თაობაზე პრეტენზიის წარდგენისას კომპანია ვალდებულია: ● (ა) მომხმარებელს გადასცეს შესაბამისი სესიის ტექნიკური ჩანაწერები, რომლებიც მას გააჩნია; ● (ბ) შესთავაზოს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება; ● (გ) თუ ექსპერტიზით დადგინდება კომპანიის ბრალეულობა - სრულად აანაზღაუროს როგორც ზიანი, ისე ექსპერტიზის ხარჯი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
12.5. ამ თავის არც ერთი დებულება არ ზღუდავს მომხმარებლის უფლებას, წარადგინოს პრეტენზია, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს (კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ან სასამართლო) და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
12.6. პარტნიორის სადგურზე წარმოშობილი ზიანის შემთხვევაში კომპანია 12.4. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას ასრულებს მის ხელთ არსებული ჩანაწერების ფარგლებში, ხოლო „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები ეკისრება პროვაიდერს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია კომპანიის ბრალეული ქმედებით. კომპანიისთვის წარდგენილ პრეტენზიას კომპანია პროვაიდერს გადაუგზავნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, ამის შესახებ აცნობებს მომხმარებელს და ხელს შეუწყობს პროვაიდერის მიერ სადგურის ტექნიკური ჩანაწერების წარდგენას. 13. კანონისმიერი გარანტია და მომსახურების ნაკლი
13.1. კანონისმიერი გარანტია არის კომპანიის კანონით დადგენილი ვალდებულება, მომხმარებელს გაუწიოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება. ეს გარანტია არ საჭიროებს ცალკე გაცემას და მასზე დამატებითი საფასურის გადახდა არ განხორციელდება. პარტნიორის სადგურზე კომპანიის კანონისმიერი გარანტია მოიცავს 11.1.8. პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას, ხოლო დამუხტვის ტექნიკური შესრულების ხარისხზე პასუხისმგებელია პროვაიდერი.
13.2. მომსახურების ნაკლით შესრულებისას მომხმარებელი უფლებამოსილია: ● ა) განუსაზღვროს კომპანიას გონივრული დამატებითი ვადა ნაკლის აღმოსაფხვრელად; ● ბ) დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლისას - კომპანიის ხარჯით შესთავაზოს მომსახურების გაწევა, ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს; ● გ) მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება; ● დ) უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13.3. დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ ექნება, ან თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა.
13.4. თუ კომპანიამ დროულად არ დაიწყო მომსახურება, ან პროცესი უსაფუძვლოდ გაჭიანურდა, კომპანიას არ აქვს უფლება მოითხოვოს გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
13.5. კომერციული გარანტია. კომპანია დამატებით კომერციულ გარანტიას არ გასცემს. კომერციული გარანტიის არარსებობა არ ზღუდავს პუნქტ 13.1-ით განსაზღვრულ კანონისმიერ გარანტიას და მომხმარებლის არც ერთ კანონისმიერ უფლებას.
13.6. შემდგომი მომსახურება. მომხმარებელს დამუხტვის შემდეგ უფლება აქვს მიმართოს კომპანიას ნებისმიერი ტექნიკური ან ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხით პუნქტ 3.5 და 3.6-ში მითითებულ არხებზე. შემდგომი მომსახურება უფასოა. 14. პრეტენზიის წარდგენისა და განხილვის წესი
14.1. მომხმარებელი უფლებამოსილია წარადგინოს პრეტენზია მომსახურების ხარისხის, ანგარიშსწორების, დამტენი სადგურის მუშაობის, ან ნებისმიერ სხვა საკითხზე. პარტნიორის სადგურის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული პრეტენზია შეიძლება წარედგინოს როგორც პროვაიდერს, ისე კომპანიას; ამ უკანასკნელ შემთხვევაში კომპანია პრეტენზიას გადაუგზავნის პროვაიდერს 12.6. პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო 11.1.8. პუნქტით განსაზღვრულ საკუთარ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ნაწილზე პასუხს გასცემს 14.5. პუნქტით დადგენილ ვადაში.
14.2. პრეტენზიის წარდგენის არხები: ● ა) ელექტრონული ფოსტა: info@electrify.ge ● ბ) აპლიკაციის „მხარდაჭერის" განყოფილება ● გ) ტელეფონი / WhatsApp: +995 32 2 055 100 (ორშ.–პარ., 10:00–19:00) ● დ) წერილობით, პუნქტ 3.3-ში მითითებულ მისამართზე
14.3. ფორმა. პრეტენზია არ საჭიროებს სპეციალურ ფორმას. სასურველია მიეთითოს: მომხმარებლის სახელი და საკონტაქტო მონაცემები, სესიის თარიღი და სადგურის ლოკაცია, პრეტენზიის არსი და მოთხოვნა. ხელმისაწვდომობისას შეიძლება დაერთოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
14.4. რეგისტრაცია. კომპანია პრეტენზიის მიღებას ადასტურებს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა და მომხმარებელს ატყობინებს რეგისტრაციის ნომერს.
14.5. განხილვის ვადა. კომპანია პრეტენზიას განიხილავს და დასაბუთებულ წერილობით პასუხს გასცემს მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. საკითხის სირთულისას კომპანია წინასწარ აცნობებს ვადის გაგრძელების შესახებ; საერთო ვადა არ აღემატება 20 (ოცი) სამუშაო დღეს.
14.6. ტექნიკური მიზეზით ზედმეტად ჩამოჭრილი თანხა ბრუნდება წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (პუნქტი 10.2.3).
14.7. პრეტენზიის განხილვა და მასზე პასუხის გაცემა უფასოა.
14.8. სასამართლოს გარეშე დავის გადაწყვეტა. თუ პასუხი მომხმარებელს არ დააკმაყოფილებს, მას უფლება აქვს მიმართოს: ● ა) სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №154; info@gcca.gov.ge; ცხელი ხაზი 1520) (შემდგომში “სააგენტო”); ● ბ) მედიატორს - დავის მედიაციით გადაწყვეტის მიზნით; ● გ) სასამართლოს - კანონმდებლობით დადგენილი წესით.
14.9. სააგენტოსთვის, ან სასამართლოსთვის მიმართვა არ არის დამოკიდებული კომპანიისთვის პრეტენზიის წინასწარ წარდგენაზე. 15. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება
15.1. ვინაიდან ხელშეკრულება იდება დისტანციურად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მისი დადებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
15.2. წესი. მომხმარებელმა უნდა გამოგზავნოს შევსებული ფორმა (დანართი №1) ან ნებისმიერი სხვა ცალსახა შეტყობინება პუნქტ 3.5-ში მითითებულ ელ. ფოსტაზე. კომპანია დაადასტურებს ჩაბარებას იგივე ელ. ფოსტაზე;
15.3. შედეგები. უარის თქმისას კომპანია უბრუნებს ბალანსზე არსებულ გამოუყენებელ თანხას სრულად, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა, ყოველგვარი დაქვითვის გარეშე. გამონაკლისია დავალიანება, რომელიც გააჩნდა მომხმარებელს. ამასთან, დავალიანების არსებობის წერილობითი დასაბუთება ეკისრება კომპანიას;
15.4. დათქმა დამუხტვის სესიებზე. სესიის ინიციირებით მომხმარებელი ცხადად ითხოვს მომსახურების დაუყოვნებლივ გაწევას 14-დღიანი ვადის გასვლამდე და ადასტურებს, რომ იცის: მომსახურების სრულად მიღების შემდეგ იგი კარგავს უკვე სრულად გაწეულ ამ კონკრეტულ სესიაზე უარის თქმის უფლებას. ეს დათქმა არ ზღუდავს: ● ა) უფლებას, უარი თქვას თავად ხელშეკრულებაზე; ● ბ) უფლებას, შეწყვიტოს მიმდინარე სესია ნებისმიერ დროს და გადაიხადოს მხოლოდ ფაქტობრივად მიღებული მომსახურების საფასური; ● გ) კანონისმიერ უფლებებს ნაკლიანი მომსახურებისას.
15.5. უარის თქმა არ იწვევს მომხმარებლისთვის რაიმე ხარჯის ან საურავის დაკისრებას. 16. პერსონალური მონაცემები
16.1. პერსონალური მონაცემების დამუშავების წესები, საფუძვლები, ვადები და მომხმარებლის უფლებები განსაზღვრულია კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე წესების განუყოფელ ნაწილს: https://electrify.ge/konfidencialobis- politika
16.2. კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
16.3. პირდაპირი მარკეტინგული მიზნით დამუშავებისთვის კომპანია მოიპოვებს ცალკე თანხმობას. მომსახურების მიღება არ არის დამოკიდებული ასეთი თანხმობის გაცემაზე და მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს იგი. 17. წესებსა და პირობებში ცვლილების შეტანა
17.1. კომპანია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება წინამდებარე დოკუმენტში, თუ ამას მოითხოვს კანონმდებლობის ცვლილება, მომსახურების ტექნიკური, ან ორგანიზაციული პირობების ცვლილება, ან სხვა საფუძვლიანი მიზეზი.
17.2. ცვლილების ორი კატეგორია:
17.2.1. არსებითი ცვლილება - ცვლილება, რომელიც ეხება ტარიფს, დროზე დაფუძნებულ საფასურს, პრეავტორიზაციის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს, პასუხისმგებლობის მოცულობას, პრეტენზიის განხილვის წესს, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს, აპლიკაციის მინიმალურ სისტემურ მოთხოვნებს ან მომხმარებლის სხვა არსებით უფლებას. ასეთი ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანია მომხმარებელს ცვლილების ამოქმედებამდე არანაკლებ 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე აცნობებს SMS-ით და/ან ელექტრონული ფოსტით.
17.2.2. არაარსებითი ცვლილება — რედაქციული, ტექნიკური, ან განმარტებითი ხასიათის ცვლილება, რომელიც მომხმარებლის უფლებებს არ ცვლის. ძალაში შედის კომპანიის მიერ განსაზღვრული და მომხმარებლისთვის შეტყობინებული თარიღიდან.
17.2.3. ორივე შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია არ დაეთანხმოს ცვლილებას და უარი თქვას ხელშეკრულებაზე პუნქტ 9.5-ით დადგენილი წესით. ბალანსზე დარჩენილი თანხა ბრუნდება სრულად.
17.3. ცვლილებას უკუძალა არ აქვს. ცვლილება, რომელიც აუარესებს მომხმარებლის მდგომარეობას, არ ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე დაწყებულ სესიებსა და უკვე წარმოშობილ მოთხოვნებზე.
17.4. ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ განახლებული დოკუმენტი განთავსდება ვებგვერდსა და აპლიკაციაში, რედაქციის ნომრისა და ძალაში შესვლის თარიღის მითითებით. წინა რედაქციები ხელმისაწვდომია მომხმარებლის მოთხოვნით. 18. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
18.1. ყველა სამართლებრივი გარემოება, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დოკუმენტით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
18.2. მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობისას საქმეს განიხილავს საქართველოს სასამართლო. პირველი ინსტანციით განსჯადია თბილისის საქალაქო სასამართლო.
18.3. ეს პუნქტი არ ზღუდავს მომხმარებლის უფლებას, მიმართოს სააგენტოს, ან მედიატორს, აგრეთვე მის უფლებას, სარჩელი წარადგინოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი განსჯადობის წესების შესაბამისად.
18.4. ქცევის კოდექსი. კომპანია არ არის რომელიმე ქცევის კოდექსის ხელმომწერი (კანონის მე- 10 მუხლის პირველი პუნქტის „ზ" ქვეპუნქტი).
18.5. ფინანსური უზრუნველყოფა. კომპანია არ ითხოვს დეპოზიტს, ან სხვა ფინანსურ უზრუნველყოფას, გარდა წინამდებარე დოკუმენტის პუნქტ 10.2.1-ით გათვალისწინებული პრეავტორიზაციისა. 19. დასკვნითი დებულებები
19.1. წინამდებარე წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მხარეთა აშკარად გამოხატული თანხმობით, ან მე-17 თავით დადგენილი წესით.
19.2. რომელიმე დებულების ბათილობა არ იწვევს დანარჩენი დებულებების ბათილობას.
19.3. არც ერთი დებულება არ განიმარტება იმგვარად, რომ იგი ზღუდავს ან გამორიცხავს მომხმარებლისთვის კანონით მინიჭებულ უფლებებს. ასეთი შინაარსის დებულება ბათილია.
19.4. ორაზროვნად განმარტების საშუალების მიმცემი დებულება განიმარტება მომხმარებლის სასარგებლოდ.
19.5. წინამდებარე წესები საჯარო და ხელმისაწვდომია ვებგვერდსა და აპლიკაციაში, ელექტრონული ფორმით, მუდმივად.
(შეავსეთ და გამოგზავნეთ ეს ფორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ხელშეკრულებაზე უარის თქმა) ადრესატი: შპს „ელექტრიფაი საქართველო" (ს/კ 405663802) მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, გიგა ჯაფარიძის ქ. №24, ბ. №204 ელექტრონული ფოსტა: info@electrify.ge ამით გაცნობებთ, რომ უარს ვამბობ თქვენთან დადებულ მომსახურების ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების დადების (რეგისტრაციის) თარიღი: _______________________ მომხმარებლის სახელი და გვარი: _______________________________________ მომხმარებლის ელექტრონული ფოსტა: __________________________________ მომხმარებლის მისამართი: ____________________________________________ ბალანსის დასაბრუნებელი რეკვიზიტები: ________________________________ თარიღი: ________________ ხელმოწერა: ________________ (ხელმოწერა საჭიროა მხოლოდ ქაღალდზე, ფორმის მატერიალურად შევსებისას)